მინდა მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურს ამ ძალიან მძიმე დივერსიული აქტის აღკვეთისთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო უსაფრთოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ეს ძალიან მძიმე დივერსიული აქტი აღკვეთა. ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. დარწმუნებული ვარ, გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად დადგინდება, ვის მიერ იყო ეს დაგეგმილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.