განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თინა გ-ს გორის რაიონულმა სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თინა გინტური დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და ქურდობაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
განცხადების თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 მარტს, ღამის საათებში, თინა გ. იმყოფებოდა გორში, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე რომან ბედიანაშვილის საცხოვრებელ ბინაში, სადაც იგი და რომან ბედიანაშვილი შელაპარაკდნენ, რის გამოც თინა გ-მ. შურისძიების მოტივით რომან ბედიანაშვილის მოკვლა გადაწყვიტა. მან რომან ბედიანაშვილს სასმელში საძილე აბები ჩაუყარა, დააძინა, სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, ხოლო შემდეგ ქურდობის გზით დაეუფლა რომან ბედიანაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რომან ბედიანაშვილი მხუთავი აირისგან მწვავე მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა თინა გ. 2016 წლის 10 მარტს გორში დააკავეს.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარუდგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ თინა გინტური სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.