ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება.
როგორც პროკურორმა ტელეკომპანიის ლიცენზიისა და წილების იძულებით ჩამორთმევის საქმის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, დასაკითხ მოწმეთა შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, ნოტარიუსი ნუნუ გინტური, ასევე “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი.
დღევანდელ პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე უშუალოდ იყვნენ ჩართული და ორგანიზებას უწევდნენ ტელეკომპანია “იბერიის” დახურვის პროცესს. თუმცა, ადეიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ იმ პერიოდში, რაზეც პროკურორი საუბრობს, მაშინ გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო და არა – ზურაბ ადეიშვილი. ადეიშვილი კი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს, დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ,,იბერიას“ წილები და ლიცენზია 2004 წელს იძულებით ჩამოართვეს. საქართველოს პროკურატურამ საქმის ირგვლივ მოკვლევა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ადეიშვილის და მისი მოადგილის გიორგი ლაცაბიძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 333-ე მუხლით აღძრა.
ძიების დაწყებისთანავე პროკურატურამ განაცხადა, რომ 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი გახსნა.
ძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დიმიტრი ქიტოშვილმა ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბიძინა ნიჟარაძისგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე იოსებ მგელაძეზე გადააფორმა, რომელმაც თავის მხრივ 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ’’-ს გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა.მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით მოხდა „ომეგა ჯგუფის“ გადასახადების რესტრუქტურიზაცია და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც დატოვეს „ომეგა ჯგუფის“ ტერიტორია. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა.
ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე პროკურატურა ყოფილ თავდაცვის მინისტრს დაკითხავს
2016/08/26 13:24:45
კომენტარები
ნანახია: 1572 ჯერ