„ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და ყოველდღიურ მძიმე შრომას ეწევიან, ნუ გაგვიკვირდება, მაგრამ საერთოდ არ იცოდნენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში” შესაძლებლობების შესახებ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, შევქმნით ერთიან ე.წ. ფრონტ-ოფისს. შედეგად, მეწარმეობის ხელშეწყობის ყველა სამთავრობო პროგრამის შესაძლებლობების თაობაზე რეგიონებში ინფორმაციას მივუტანთ ადგილზე, რათა არ სჭირდებოდეს ადამიანს ჩამოვიდეს თბილისში, სათაო ოფისში, რომ გაიგოს პროგრამის თაობაზე,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ტელეკომპანია „მაესტროს” გადაცემა „მაესტრო რეგიონებში” სტუმრობისას მინისტრმა განაცხადა, რომ მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, რომელსაც ამავე დასახელების სააგენტო ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უპირატესად რეგიონებზე და მის განვითარებაზე იქნება მიმართული.