გაზეთმა “კვირის პალიტრამ” ტერაქტის საქმეზე ბრალდებული ბექა ბექაურის ჩვენება გამოაქვეყნა.
ბექაურის ჩვენება გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ მოიპოვა. ჩვენებაში ბექაური არ საუბრობს, რისთვის უნდოდა ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელიც ჟინვალი-შატილის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში ჰქონდა დამალული, თუმცა ყვება, თუ როგორ მივიდა აღნიშნულ ტყეში ჯაბა მელქაძესთან ერთად ასაფეთქებელი მოწყობილობის ასაღებად.
”2016 წლის 20 აგვსიტოს მე, ჯაბა მელქაძესთან და ნური ჭკადუასთან ერთად, ამ უკანასკნელის ჯიპით თბილისიდან გავემგზავრეთ შატილის მიმართულებით. ჩემი იქ ჩასვლის მიზეზი იყო, ჯაბასთან ერთად ამომეთხარა ჟინვალ-შატილის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, მიწაში ჩამარხული ასაფეთქებელი ნივთიერებები, მოწყობილობები და 3 ცალი ავტომატი, რომელიც დათვალიერების შემდეგ ისევ დავმარხე. ასაფეთქებელი ნივთიერებები მოვათავსე პოლიეთილენის პაკეტებში და ჩავდე ზურგჩანთაში. შემდეგ ზურგჩანთა ჩავდე ნური ჭკადუას ავტომანქანაში. ვიდრე მე ხსენებულ ნივთებს ვთხრიდი, ჯაბა მელქაძე ჩემგან შორიახლოს ტრიალებდა, რათა თავიდან აგვეცილებინა გარეშე პირების გამოჩენა. ნური ჭკადუასგან განსხვავებით, ჯაბა მელქაძე სრულად იყო საქმის კურსში… ჭკადუას უბრალოდ ვთხოვე მეგობრულად გამომყოლოდა არაგვის ხეობაში… მან არც ის იცოდა, რა იდო ზურგჩანთაში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვებს, თუ რატომ დავაბრუნე უკან სამალავში ავტომატები და ვაზნები, გიპასუხებთ, რომ მათი საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა. დავაკონკრეტებ, მე ის არანაირად არ მჭირდებოდა და პირდაპირ რომ გითხრათ, მოვერიდე მის ტრანსპორტირებას. შესაძლებელი იყო, შევემოწმებინეთ საპატრულო პოლიციას და ისინი ადვილად შეამჩნევდნენ საბარგულში ავტომატებს. ყველა მათგანის დასამალად არც მქონდა გათვალისწინებული ხელჩანთა, არც ის მინდოდა, თავის მანქანაში შეემჩნია ნური ჭკადუას. თუ რატომ მჭირდებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ მოცემულ ეტაპზე”, – ნათქვამია ბექა ბექაურის ჩვენებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქება 22 აგვისტოს აღკვეთა. ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულები არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი საქართველოს – მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.