გაუპატიურებისთვის გასამართლებულს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების საქმე განიხილა. სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კ. კ. დამნაშავედ სცნო გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კ.კ. 2016 წლის 21 მარტს, დღის საათებში, ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შეხვდა ნ.ჯ-ს და ქორწინება შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ნ.ჯ-ს წინააღმდეგობა დაეძლია.
კ.კ. მუქარით, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით აიძულებდა ნ.ჯ-ს მასთან ქორწინებას. 2016 წლის 22 მარტს, ღამის საათებში, კ.კ-მ იძულებით მიიყვანა ნ. ჯ. ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ძალადობით და ძალის გამოყენების მუქარით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა კ.კ. 2016 წლის 11 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს.
ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება).
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.