პედაგოგი იყოს უფრო დაფასებული. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას სახელმწიფოს მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძირეული რეფორმები განხორციელდება მმართველობაში. მისივე თქმით, მთავრობას აქვს ასევე კონკრეტული გეგმები ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით.
”ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ამ პერიოდის განმავლობაში რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის სწრაფი განახლებისთვის, იმისთვის, რომ სრულად დასრულდეს ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. დასრულდეს ტურისტული მიმართულებებით გზების მშენებლობა, იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. ახმეტას ეს პირდაპირ შეეხება, ვინაიდან ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახმეტის სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ არის გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 4 წლის განმავლობაში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდეს განათლების სისტემაში.
”პედაგოგი იყოს უფრო დაფასებული. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას სახელმწიფოს მხრიდან”, -აღნიშნა პრემიერმა.