შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ზესტაფონში დააკავა. სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
”შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს თანამშრომელს, 1971 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.