თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ფეიქრიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
სახელმწიფო ბრალდება გიორგი ფეიქრიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
როგორც პროკურორმა ვასილ სამხარაძემ აღნიშნა, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბრალდებული გიორი ფეიქრიშვილი მიიმალოს, ასევე არის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების ან მოპოვებაში ხელის შეშლის.
პროკურორმა ასევე განმარტა, რომ ფეიქრიშვილს ბრალად ასევე ნარკოდანაშაულის ჩადენა ედება და თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, დაუკავშირდეს სხვა დანაშაულის ჩამდენ პირებს, რათა მათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან აარიდოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელდა და დაკავებული არიან: გიორგი ყანჩაველი, ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ფეიქრიშვილსა და ნიშნიანიძესთან ერთად დაკავებულ გიორგი ყანჩაველს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.