ამომრჩეველი იმდენად გაიზარდა, რომ მისთვის ყალბი დაპირებები შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
“ამომრჩეველი იმდენად გაიზარდა, რომ მისთვის ყალბი დაპირებები შეურაცხმყოფელია. მე ვიცი, დეპუტატს რეალურად რისი შესაძლებლობა აქვს. ერთ ადამიანს ვერ ექნება ყველა საკითხზე წვდომა, მაგრამ მე ვიცი, პარლამენტში შესვლის შემდეგ რა თემებზე ვიმუშავებ. ესაა მოქალაქების საკითხი, რაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე – ეს არის ქვეყანაში ევროპული სტანდარტების შემოღება – როგორ უნდა დავიცვათ ქალაქი ჰაერის დაბინძურებისგან, როგორ დავარეგულიროთ მოძრაობა, როგორ გადავიდეთ ახალ სტანდარტებზე და ვიცხოვროთ, როგორც განვითარებულმა ევროპულმა ქვეყანამ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მთაწმინდისთვის და საქართველოსთვის სირცხვილია იმ ადამიანების თუნდაც მეორე ტურში გასვლა, რომლებიც წარსულის ძალას წარმოადგენენ.
“მმართველმა გუნდმა ყველაზე ადრე გაიგო, რომ ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც წარსულის ძალის დამარცხების შანსი აქვს. ვთვლი, რომ მთაწმინდისთვის და საქართველოსთვის სირცხვილია იმ ადამიანების თუნდაც მეორე ტურში გასვლა, რომლებიც წარსულის ძალას წარმოადგენენ. სხვა კანდიდატების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ვისაც პარტია აქვს და შეუძლიათ, პარლამენტში პარტიით გავიდნენ, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ, რომ მთავარი იმ ძალის პირველივე ტურში დამარცხებაა, რაც სიმბოლური იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.