ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გზავნილია ჩვენი ქვეყნის განვითარების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ეს ვიზიტი გახლავთ უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნის განვითარების მხარდაჭერის კუთხით. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხითაც და რა თქმა უნდა, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის განხორციელების, იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით, ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები გენერალურ მდივანთან და დელეგაციის სხვა წევრებთან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო (NAC) ეწვევა. ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში 8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.