”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრის, თემურ ჭკუასელის განცხადებით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის ოლქში საკუთარი კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭოს თხოვნით მოხსნა.
”როდესაც დამასახელეს მაჟორიტარობის კანდიდატად ამ ოლქში, მაშინაც იყო საუბარი ნინო წილოსანზე. მე უნდა ვყოფილიყავი სიაში, ხოლო ეს ქალბატონი უნდა ყოფილიყო მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა, რაღაც საკითხები იყო გაურკვეველი ამ ქალბატონთან დაკავშირებით, რომელიც მოესწრო, გაირკვა და ყველაფერი დალაგდა. ეს საკითხები შეეხება რამდენიმე ადამიანს და მათი ნებართვის გარეშე საუბარი მე არ შემიძლია. ეს საკითხები ეხებოდა, იყო თუ არა ეს ადამიანი სუფთა და არავის კომპრომატი არ მოეძებნა მის ბიოგრაფიაში. ეს ყველაფერი დადგინდა, დალაგდა, მთხოვეს და ამ ქალბატონმა ჩამანაცვლა. არაფერი საგანგაშო არ ხდება. გუშინ ვისაუბრეთ პოლიტსაბჭოზე, დავეთანხმე და ახლა მივდივარ გურიაში, რომ ამ ქალბატონს დავუჭიროთ მხარი. მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ ყველაფერს, პრობლემა არ არის”, – განაცხადა ჭკუასელმა.
მისივე თქმით, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ოლქში იმარჯვებდა.
”ჩვენი გამოკითხვებით, ლანჩხუთში დაახლოებით 59 % მქონდა, ჩოხატაურში უფრო ნაკლები, მაგრამ მთლიანობაში მოგებისკენ იხრებოდა ყველაფერი. პრაიმერიც ჩატარდა და მან საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენა”, – განაცხადა ჭკუასელმა.