შინაგან საქმეთა სამინისტრო სპორტსმენ მინდია ოჯახიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, იარაღის ტარების ბრალდებით დაკავებულს თავის ტკივილი აწუხებდა, რის გამოც საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაიყვანეს.
“შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1988 წელს დაბადებული მინდია ო. ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „BLOW COMPACT MOD. 2002“-ის მოდელის პისტოლეტი და 6 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 1,3128 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.
დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილი მინდია ო., კანონის შესაბამისად, იზოლატორის ექიმმა შეამოწმა, რა დროსაც ბრალდებულმა აღნიშნა, რომ თავის ტკივილი აწუხებდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მინდია ოჯახიშვილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაკავებულს მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მას ჯანმრთელობის პრობლემები და ასევე, სხეულზე მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, მისი საავადმყოფოში დარჩენის საფუძველი არ არსებობდა.
პარალელურად, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში შეიკრიბნენ მინდია ო.-ს ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც დაკავებულის ნახვას ითხოვდნენ, რაც კანონით აკრძალულია. სამართალდამცველებმა ბრალდებული კლინიკიდან გაწერის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ბრალდებულის ახლობლები საავადმყოფოში შეიჭრნენ. სამედიცინო პერსონალის განმარტების შემდეგ, რომ დაკავებული უკვე აღარ იმყოფებოდა კლინიკაში, ისინი სიცრუეში დაადანაშაულეს და ერთ-ერთ ექიმს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ექიმის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო”, – აღნიშნულია უწყების განმარტებაში.