შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყებასთან და გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ბათუმში, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის 3-დღიანი საწვრთნელი ვარჯიში ჩაატარა.
საწვრთნელი ვარჯიშები სარფის საკონტროლო–გამტარ პუნქტზე, ბათუმის პორტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე გაიმართა.
სწავლების მიზანი საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენა, საფრთხეზე დროული რეაგირება და შესაბამისი დანაყოფების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების (SOP) ზუსტი დაცვა იყო.
საწვრთნელ ვარჯიშში შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციებისა და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყების საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ვივიანა სანდბერგი, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველები ესწრებოდნენ.
მსგავსი სახის ფართომასშტაბიანი წვრთნა შსს-ის საპატრულო პოლიციის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდა.
შსს-ს საპატრულო პოლიციამ ბათუმში ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საწვრთნელი ვარჯიში ჩაატარა
2016/09/22 17:28:17
კომენტარები
ნანახია: 1415 ჯერ