კმაყოფილი ვარ, რომ განაჩენი დადგა იმ პირების მიმართ, რომლებმაც დავალება შეასრულეს და ჩემზე თავდასხმა მოახდინეს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვალერი გელაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
„ჩემზე თავდასხმის ბრძანება სააკაშვილმა გასცა, მერაბიშვილმა, კოდუამ და სირაძემ კი, მისი დავალება შეასრულეს. რამდენიც საჭიროა, იმდენი წელი დაველოდები, რომ განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც დადგეს“, – განაცხადა გელაშვილმა.
მისი თქმით, სპეცრაზმელებს, რომლებმაც ბრძანება შეასრულეს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვალერი გელაშვილი ქვეყნის მტერი იყო, რომელიც უნდა გაენეიტრალებინათ.
„სპეცრაზმელებმა, რომლებმაც დავალება შეასრულეს, იმ მომენტში იცოდნენ, რომ მე ქვეყნის მტერი, შეაიარაღებული პირი ვიყავი და საჭირო იყო ჩემი განეიტრალება. მათ დღის ბოლოს გაიგეს, რომ თავდასხმა ვალერი გელაშვილზე მოახდინეს. მე მომდიოდა ინფორმაცია, რომ ისინი ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ძალიან ნანობდნენ. მათ იცოდნენ, რომ ოდესმე პასუხს აგებდნენ. სპეცრაზმელები ქვეყნის სამსახურში იყვნენ და როცა პირველი პირი ბრძანებას იძლევა, მათ უფლება არ ჰქონდათ, ქვეყნის მტრის განეიტრალების ბრძანება არ შეესრულებინათ. მათ წინაშე მე პრეტენზია არ მაქვს და არც არასდროს მექნება“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.