ვიღაც თავის ახლობელს ესაუბრება, ვიღაც საერთოდ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს, შეკრიბეს და დაამონტაჟეს, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც თავადაც ფიგურირებს.
„ვიღაც თავის ახლობელს ესაუბრება, ვიღაც საერთოდ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს, შეკრიბეს და დაამონტაჟეს. საერთოდ კიევში ვარ და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ იმ პერიოდში, მერე მიაბეს მიშას სხვადასხვა ადამიანებთან ჩაწერილი ლაპარაკი, ეს შეკრეს. ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება. ეს ივანიშვილის რეჟიმს არ უშველის არაფერში“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, არანაირი რევოლუციური სცენარი არ განიხილება.
„რა რევოლუციურ სცენარზე მესაუბრებით?! განიხილება არჩევნებში გამარჯვება. ეს არის ერთადერთი სცენარი, რომელიც განიხილება და ამის შედეგებს ვნახავთ 8 ოქტომბერს“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
„ესენი ისევ მოიგებენ. იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და დედის …. აქ ჯერ კიდევ „ვასტოკია“. აქ მოხდება მ…ან დედის …. კადაფი. უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტ…ში უნდა მ…ნ“, – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი აუდიოჩანაწერში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
პეტრე ცისკარიშვილის პირველი კომენტარი
2016/09/27 15:41:38
კომენტარები
ნანახია: 3644 ჯერ