მთავარ პროკურატურაში ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი იკითხება. საგამოძიებო უწყებაში ყოფილი პატიმარი სანდრა რულოვსის, მიხეილ სააკშვილის, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინისა და კახა ლომაიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს.
“წიგნი, რომელიც მე ციხეში ყოფნის დროს დავწერე, არის ერთ-ერთი მხილების ფორმა. სისტემური დანაშაული, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განახორციელდა, მიხეილ საკაშვილიდან დაწყებული, კალმახელიძით, ლომაიასა და შაშკინით დამთავრებული.
ბუნებრივია, პრეზიდენტი იყო ამ ყველაფრის თავი და თავი, რომლის დაკვეთითაც უნდა მომხდარიყო ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მივცემ ჩვენებებს. პრინციპში ჩემი წიგნიც, რომელიც ციხეში დავწერე 2010 წელს, თავად არის ჩვენება. ეს დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით არის დაწერილი. გარდა ამისა, ალბათ ეს იქნება პირველი ფაქტი, როდესაც სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი სქემის შესახებ ჩვენებას იძლევიან. ეს ქალბატონი თანხებს შოულობდა „წითელი ჯვრის“ საშუალებით. ეს ეხება ტუბერკულოზის მედიკამენტების სქემას, რომლის შესახებ მე დადასტურებული ინფორმაცია მაქვს. მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურა მყისიერ რეაგირებას მოახდენს“,– აღნიშნა ახალკაცმა პორკურატურაში.
მისივე თქმით, ეს არის სქემა, როდესაც მიზანმიმართულად ხდებოდა პატიმრებში, ტუბდისპანსერში “დოცის” პროგრამაში წამლების შეწყვეტა, შემდეგ, აქედან გამომდინარე, ეს პატიმრები ხდებოდნენ რეზისტენტულები.
„ეს იყო ხშირი წყვეტა ამ წამლების, რადგან ეს ადამიანები გამხდარიყვნენ რეზისტენტულები. მერე სვამდნენ “დოცი +” პროგრამაში, ეს არის უკვე ე.წ. ქრონიკული ტუბერკულოზის პროგრამა, სადაც თანხები იყო გაცილებით დიდი მედიკამენტებისთვის გამოყოფილი, მაგრამ წამლები რჩებოდა იგივე. წამლები საერთოდ არ შემოდიოდა ტუბდაწესებულებაში. მთელ ამ სქემას კურირებდა სანდრა რულოვსი, როგორც „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი. „წითელმა ჯვარმა“ ამის შესახებ არც არაფერი არ იცოდა. ამ სქემით სანდრა რულოვსი შოულობდა ძალიან დიდ თანხებს. გარდა ამისა, ციხეში გარდაცვლილი პატიმრები გამოჰყავდათ ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერში და იქ აფორმებდნენ როგორც გარეთ გარდაცვლილს. სინამდვილეში ეს ადამიანები იღუპებოდნენ ციხეებშივე“,-ამბობს ახალკაცი.