იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია ჩავარდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გუშინ, საღამოს ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტია მართავს, გავრცელა ტყუილი და მას აჰყვა არაერთი რესპექტაბელური მედიასაშუალება, არაერთი პატივსაცემი ინსტიტუტი. სიმართლე არის ის, რომ გუშინ პარიზში გაიმართა კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა ცნობად მიიღო ჩვენ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, იმსჯელა და სამპირიანი სია სცნო დასაშვებად“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, გაიმართა კანდიდატებთან გასაუბრებაც და სია რომ ჩავარდნილიყო, კანდიდატებს არავინ მიუშვებდა.
„ამიტომაც სიის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი. გაესაუბრნენ კანდიდატებს. შემდეგ გადაწყდა, რომ რაკი მოქმედ მოსამართლეს თებერვალში ეწურება ვადა, კანდიდატებს კენჭი ეყაროს იანვარში. ჩვენ, მთავრობას, არსად არ გვეჩქარება. დღესაც რომ არჩეულიყო ამ სამიდან ერთ-ერთი, ვერ დაიწყებდა საქმიანობას, რადგან მოქმედი მოსამართლე სახეზეა და მას ვერავინ ვერ შეეხება თებერვლამდე. ესაა სიმართლე და ნამდვილი ახალი ამბავი“ ,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია ჩავარდა.
თეა წულუკიანი – სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია ტყუილია
2016/09/30 17:36:13
კომენტარები
ნანახია: 2275 ჯერ