აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
„ვუერთდები სენატში „დემოკრატების“ ლიდერს და მოვუწოდებ ვიცე-პრეზიდენტს, ეს პრეზიდენტი ხელისუფლებას ჩამოაშოროს 25-ე შესწორების ამოქმედებით. თუ ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტი არ იმოქმედებენ, კონგრესს შეუძლია იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს“, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
მანამდე სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედება მოითხოვა.
საუბარია აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, ან სხვა ორგანოს, რომელსაც ამის უფლებამოსილებას კონგრესი მიანიჭებს, შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს ორი პალატის ლიდერებს აცნობოს, რომ პრეზიდენტი ქმედუუნაროა და არ შეუძლია უფლებამოსილების შესრულება.
აღსანიშნავია, რომ შესწორების ეს ნაწილი პრაქტიკაში არასდროს ამოქმედებულა. დონალდ ტრამპს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება, როდესაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია შედგება.