სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებულ „საქართველოს განვითარების ფონდს“ ამოწმებენ.
აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ 6 თვეში, ხელფასის სახით „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში – ნახევარ მილიონამდე ანაზღაურება მიიღო.
აუდიტის სამსახურის პარტიათა შემოწირულობების მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლები ასევე სწავლობენ, ინფორმაციას იმის შესახებ, ხომ არ არის ერთმანეთთან კავშირში პაატა ბურჭულაძის მაშინდელი ხელფასი და პარტიის შემოწირულობა.
„გიდასტურებთ, რომ მას ნახევარ მილიონ ლარამდე აქვს აღებული ხელფასის სახით. ოღონდ ეს თანხა „საქართველოს განვითარების ფონდიდან“ აქვს აღებული და არა პარტიიდან. აუდიტის სამსახური იმასაც სწავლობს არის თუ არა პაატა ბურჭულაძის ხელფასი პარტიის შემოწირულობებთან კავშირში. ამ საკითხის შესწავლა უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადეს აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის დეკემბერში პაატა ბურჭულაძემ პარტიის დაფუძნებამდე „საქართველოს განვითარების ფონდი დააფუძნა“, რომელიც 6 თვე ფუნქციონირებდა და მას პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობდა. „საქართველოს განვითარების ფონდი” დაარსდა იმიტომ, რომ დაამთავროს ნეპოტიზმისა და შიშის ეპოქა. უნდა დასრულდეს ჩემიანებად და შენიანებად დაყოფა. ჩვენ არ ვქმნით პოლიტკურ ორგანიზაციას. ეს არის საზოგადოებრივი ინიციატორი“, – აცხადებდა მაშინ პაატა ბურჭულაძე.
მოგვიანებით, ფონდი პარტიად გარდაიქმნა და მას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეწოდა.