რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო.
„მივიჩნევ, რომ დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, ვინაიდან შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას რეგიონში სიტუაციის განვითარების თაობაზე. ვგულისხმობ, ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული მიზნებისათვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმებების განხორციელება სარგებელს მოუტანს, როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს და ზოგადად, რეგიონს“, – აღნიშნა მან.
დღეს კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა.