ეპიდვითრების გაუარესების შემთხვევაში საფრანგეთის ხელისუფლება იძულებული იქნება, კარანტინი მესამედ გამოაცხადოს. ამის შესახებ გამოცემა Ouest-France-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.
„დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ ეპიდემიას ახალი კარანტინის გარეშე დავამარცხებთ. ნათელია, რომ ბოლო დღეებში ეპიდვითარება გაუმჯობესდა. ეს თვეების წინ დაწესებული შეზღუდვების შედეგია. ახალი კარანტინი იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება“, – განაცხადა კასტექსმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით, ფრანგების ნაწილი კარანტინის გამოცხადებას ემხრობა, კასტექსმა განაცხადა, რომ ეს საკითხი კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ეფექტური კარანტინი არა მხოლოდ მაღაზიების, არამედ სკოლების დახურვასაც ითვალისწინებს. საფრანგეთი იმ ქვეყნის რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ სკოლების მუშაობა მაქსიმალური ვადით უზრუნველყო და ჩვენ ამით ვამაყობთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.