კორონავირუსის მუტაციის გამო, საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და ატიკის რეგიონში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. სრული ლოკდაუნის რეჟიმი 11-დან 28 თებერვლამდე იმოქმედებს.
დღესვე გერმანიის კანცლერი ფედერალური მიწების ხელმძღვანელებს შეხვდება. მხარეები გერმანიაში ლოკდაუნის რეჟიმის გახანგრძლივებაზე იმსჯელებენ. ანგელა მერკელი ქვეყანაში მკაცრი ლოკდაუნის რეჟიმის შემსუბუქების წინააღმდეგ გამოდის.
საკარანტინო რეგულაციები გაამკაცრეს გაერთიანებულ სამეფოშიც. მოქალაქეებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში კარანტინის გასავლელად 1 750 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ. 14 დღის ნაცვალად, ისინი იზოლაციაში 10 დღით დარჩებიან, თუმცა ვალდებულნი იქნებიან კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, შეზღუდვების დაწესებამ COVID-19-ის გავრცელების მასშტაბები შეამცირა, მათი ინფორმაციით გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 17%-ით შემცირდა.