აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვამდე გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბაიდენის თანაშემწეებმა კუბაში მდებარე ციხის საკითხის განხილვა დაიწყეს.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა მომდევნო კვირებში ან თვეებში შესაძლოა, აღმასრულებელი ბრძანება გამოსცეს. კითხვაზე, დახურავს თუ არა ბაიდენი მაღალი უსაფრთხოების ციხეს მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა: „ეს ნამდვილად არის ჩვენი მიზანი და ჩვენი განზრახვა“.
2001 წელს, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გახსნილ ციხეში უცხოელი ეჭვმიტანილები იმყოფებიან. საპატიმრო აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლაში ძალის გადაჭარბების სიმბოლო გახდა, რადგან გამოკითხვის მკაცრი მეთოდები კრიტიკოსებმა წამებად შეაფასეს. „როიტერი“ წერს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი დაბრკოლებების გამო, გუანტანამოს ციხე მოკლე დროში შესაძლოა, ვერ დაიხუროს.