„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის 11-მა წევრმა მას ერთობლივი წერილი მისწერა, რომელშიც ის დონალდ ტრამპის კრიტიკის გამო დაგმეს.
როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, ნათესავებმა მას მისწერეს, რომ „იგი ოჯახის იმედგაცრუებაა“.
„რა იმედგაცრუება ხარ ჩვენთვის და ღმერთისთვის! შენ ეშმაკის არმიაზე მუშაობ, რომლის წევრები არიან „დემოკრატები“ და ყალბი ამბების მედია. ჩვენ გვეგონა, რომ საკმარისად ჭკვიანი იყავი, რომ დაგენახა, როგორ ურეცხავენ მემარცხენეები ტვინს ე.წ. კარგ ხალხს, მათ შორის შენ და შენნაირ სხვა „რესპუბლიკელებს“. შენ კი სოციალიზმის მათ იდეალებამდე დაეცი! ძალიან საწყენია! ახლა ჩვენთვის შენთან ნათესაობა ყველაზე სამარცხვინოა. კინზინგერების გვარი შეარცხვინე!“ – ნათქვამია წერილში, რომელიც ადამ კინზინგერს ოჯახის წევრებმა მისწერეს.
თავის მხრივ, ადამ კინზინგერმა აღნიშნა, რომ ოჯახის წევრები, რომლებმაც მას წერილი გაუგზავნეს, კონსერვატიული ეკლესიების მხრიდან ტვინის გამორეცხვას განიცდიან.
28 იანვარს ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკურ“ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოდ გრძნობს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტსა და კონსტიტუციის 25-ე შესწორებით მის გადაყენებას მხარი დაუჭირა.