საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 53 ოლქში გაიმართება. აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 35 ოლქში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დათვალა და გამოაქვეყნა მაჟორიტარულ ოლქებში არსებული ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები. არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50 %-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
უფრო კონკრეტულად, თბილისში, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა – 44,42 % დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა რურუა 26,92 %-ით. 6,69 %-იანი მხარდაჭერა მიიღო „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ნიკოლოზ ფრუიძემ.
ვაკის მე-2 მაჟორიტარულ ოლქში 48,95 %-ით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბიძინა გეგიძე, რომელსაც 22,25 %-ით მიყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. ხმების 14,43 % მიიღო „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ.
ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა. მას 35 უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 50,41 %-მა დაუჭირა. 19,39 %-ით მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი. შემდეგ პოზიციას 7,79 %-ით იკავებს „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი გია ნუცუბიძე.
საბურთალოს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, ასევე პირველივე ტურში გავიდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც ხმების 51,7 % მიიღო. 31 უბნის შედეგებით, ამომრჩეველთა 20,85 %-მა დაუჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს.
მაჟორიტარულ არჩევნებზე 50 %-იანი ბარიერი გადალახა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საბურთალოს მე-5 ოლქშიც. ნინო გოგუაძეს ამომრჩეველთა 51,43 %-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 18,89 %-ით ამ შემთხვევაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატი გიორგი როინიშვილია.
საბურთალოს მე-6 საარჩევნო უბანზე შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი 46,89 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სევდია უგრეხელიძე – 17,2 %, ამომრჩეველთა 11,7 %-მა დაუჭირა მხარი „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება კრწანისის მე-7 ოლქშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ 48,23 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ამომრჩეველთა 28,92 %-მა მისცა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი აბესაძეს.
მეორე ტური გაიმართება ისნის მაჟორიტარულ ოლქებშიც. უფრო კონკრეტულად, მე-8 ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – ირაკლი აბუსერიძე – 42,74 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი ონიანი – 24,12 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – გიორგი ბენაშვილი – 8,67 %, დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი 8,59 %.
ისნის მე-9 ოლქში: „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ჭიჭინაძე – 48,13 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ კვიციანი – 27,37 %, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ნონა ფილაური – 5,2 %.
რაც შეეხება ისნის მე-10 ოლქს, მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ – ბექა ნაცვლიშვილი – 45,07 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – ზაზა კედელაშვილი – 26,61 %.
სამგორის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 47,45 %-ით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მოსიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი ნადირაძეს კი, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება, მხარი ამომრჩეველთა 24,11 %-მა დაუჭირა.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება სამგორის მე-12 და მე-13 ოლქებშიც. პირველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მარიამ ჯაშმა 42,58 % მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ჟღენტმა კი – 27,79 %, ხოლო მეორე შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შოთა ხაბარელმა 45,28 % მიიღო, „ნაციონალების“ კანდიდატმა გიორგი ხახნელიძემ კი – 25,52 %.
მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია ვოლსკიმ მე-14 ოლქში, რომელსაც 32 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 57,23 %-მა დაუჭირა. 23,62 %-მა მისცა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი ჩოლოყაშვილს.
დიდუბის მე-15 ოლქში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი – 46,95 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე – 19,81 %. ამომრჩეველთა 4,74 %-მა დაუჭირა მხარი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატ ვახტანგ ხმალაძეს.
რაც შეეხება დიდუბის კიდევ ერთ – მე-16 ოლქს, 47,03 % მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ივლიანე წულაიამ, 20,82 % კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი დვალმა.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება ჩუღურეთის მე-17, მე-18 და მე-19 ოლქებშიც. კერძოდ, მე-17 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სოფიო კილაძემ ხმების 44,83 % მოაგროვა, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მურმან თხელიძემ კი – 19,84 %. მე-18 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა 47,13 %-იანი მხარდაჭერა მიიღო, „ნაციონალების“ წარმომადგენელმა მამუკა გუგეშაშვილმა კი 25,39 %-იანი, ხოლო მე-19 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა გაბუნიას მხარი ამომრჩეველთა 45,98 %-მა დაუჭირა, მეორე ადგილზე გასულ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ლერი დემეტრაშვილს კი – 26,21 %-მა.
რაც შეეხება გლდანს, მე-20 ოლქში შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა კობალაძე – 40,31 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ალექსანდრე ჩაფიჩაძე კი, რომელიც მეორე ადგილზეა, 24,56 %.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ხმათა 49,22 % დააგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სერგო რატიანმა კი 30,42 %.
არჩევნების მეორე ტური ინიშნება გლდანის კიდევ ერთ – 22-ე ოლქში. ამ შემთხვევაში მონაცემები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობერიძე 44,75 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ბარამიძე – 25,61 %.
რაც შეეხება რეგიონებს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში, 51 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მე-2 ტური 35 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
ამ დროის მონაცემებით, მაჟორიტარული არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა 16 საარჩევნო ოლქში. ესენია: სიღნაღი/დედოფლისწყარო 25-ე მაჟორიტარული ოლქი, მარნეულის 35-ე მაჟორიტარული ოლქი, ბოლნისის 33-ე მაჟორიტარული ოლქი, თეთრიწყარო/გარდაბნის ნაწილი 32-ე მაჟორიტარული ოლქი, წალკა/დმანისი/ბოლნისის 34-ე მაჟორიტარული ოლქი, დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგის 38-ე მაჟორიტარული ოლქი, ქარელი/გორის შინდისი, ვარიანის მე-40 მაჟორიტარული ოლქი, ბორჯომის/ (ასპინძა/ახალქალაქის 5 სოფელი) 45-ე მაჟორიტარული ოლქი, ნინოწმინდა/ახალქალაქის 46-ე მაჟორიტარული ოლქი, საჩხერის 53-ე მაჟორიტარული ოლქი, ვანი/ხონის 54-ე მაჟორიტარული ოლქი, სამტრედიის 55-ე მაჟორიტარული ოლქი, ხულო/შუახევი/ქედის 73-ე მაჟორიტარული ოლქი, ამბროლაური/ ონი/ ცაგერი/ლენტეხი/ მესტიის 58-ე მაჟორიტარული ოლქი, ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარული ოლქი და მარტვილი/აბაშის 62-ე მაჟორიტარული ოლქი.
რაც შეეხება დანარჩენ 35 საარჩევნო ოლქს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იქ მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქედან 33 მაჟორიტარულ ოლქში გამართულ მე-2 ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას, დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქში, კერძოდ, ჭიათურაში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“, ხოლო ხაშურში „მრეწველებისა“ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.