“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც საკუთარ მოსაზრებას, პარტიის პარლამენტში შესვლაზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე აფიქსირებს.
თარგამაძის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო, მოვიცალე ყველაზე საჭირბოროტო საკითხზე ჩემი პოზიციის გადმოსაცემად. დღევანდელ სიტუაციაში თვითიზოლაციის ორგანიზება თვითლიკვიდაციის ტოლფასია. პარლამენტში შესვლაზე, მეორე ტურებში ბრძოლაზე უარის თქმა კი სწორად თვითიზოლაციის ორგანიზებაა. იმ სიტუაციაში კი, როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იქცა ქვეყანაში ერთადერთ პროდასავლურ ძალად, თვითიზოლაცია ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ქმედებად მიმაჩნია. ეს ორი საყრდენი კი ჩემი ცხოვრების ფუნდამენტია. მეყველაფერი გავაკეთე პარტიის ერთიანობისთვის. შეგნებულად გავედი საარჩევნო სიიდან. და ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ გაწეულ მდგომარეობაში, ჩემზე, ჩემს ოჯახზე უკიდურესი ზეწოლის, მკვლელობის მცდელობის პირობებშიც არ შემისუსტებია ბრძოლა, არ დამიკლია ძალისხმევა გამარჯვებისთვის. მაგრამ დღეს, როდესაც შეგვიძლია მოვიპოვოთ დასავლელი პარტნიორების, აწდაშლილი პროდასავლური პარტიების მხარდამჭერების მაქსიმალური მხარდაჭერა, ვიქცეთ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის მთავარი გარანტად, პოლიტიკური ბრძოლით ავაცილოთ ქვეყანას ყველაზე შავბნელ წარსულში დაბრუნება, მივიყვანოთ სიტუაცია დანაშაულებრივი ხელისუფლების ბუნებრივ ჩამოშლამდე, ემოციების, ან პერსონალური სურვილების გამო ამ ყველაფერზე უარის თქმას კატეგორიულად შევებრძოლები. ნურავინ მეტყვის, რომ ჩემზე კარგად ესმის სიტუაცია ქვეყანაში. 30 წელიწადია ამ ბრძოლაში ვარ. ჩემი ოჯახი შექმნის დღიდან უკიდურესი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ შეგნებულად მიდგას გვერდში. მიშას პოლიტიკიდან შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ და არაფერზე უკან არ დამიხევია. მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ჩემი გული და ჩემი მებრძოლი სული. ამიტომ, მხოლოდ იმ მიმართულებას დავუჭერ მხარს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ესაა სწორი. ამაზეც ნუ დამძრახავთ. ჩემთვის მთავარია სამშობლო და ქართული სახელმწიფო. ამისთვის, თუ საჭიროა, ჩემს გადარჩენილ სიცოცხლეს უყოყმანოდ გავწირავ”, – წერს თარგამაძე ფეისბუქზე.