მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ” და „ნაციონალურმა მოძრაობამ” მაქსიმალურად გამოიყენეს თავიანთი რესურსები და ამის შედეგია ის სურათი, რაც დღეს არსებობს. მისივე თქმით, ისეთი ტოტალური დარღვევები, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს, არ ყოფილა.
„სავარაუდო იყო არჩევნების ასეთი შედეგი, თუმცა, რთული წარმოსადგენი იყო, რომ მეორეტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. როგორც ჩანს, ამ ორმა პარტიამ ყველაზე უკეთ გამოიყენა თავისი რესურსი და აქედან გამომდინარე, მოხდა ისე, რომ პარლამენტში მათ აქვთ გადამწყვეტი უმრავლესობა. მე ვთვლიდი, რომ პარლამეტში სხვა პარტიებსაც შეეძლოთ შესვლა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ვფიქრობდი, რომ „თავისუფალი დემოკრატები” მოხვდებოდა პარლამენტში და არ გამოვრიცხავდი, ასევე, „ლეიბორისტებსა” და „დემოკრატიულ მოძრაობასაც” გადაელახათ ბარიერი.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნით, არჩევნებმა ჩაიარა დარღვევების გარეშე, შემიძლია გითხრათ, ისეთი ტოტალური დარღვევები, რაზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს, არ ყოფილა, მაგრამ არჩევნების წინა დღეებში ხდებოდა ისეთი რამ, რასაც შეიძლება დარღვევა ვუწოდოთ. ეს არის დიდი თანხების ხარჯვა ხმების მოსაპოვებლად, ყველას მხრიდან, ვისაც შეეძლო, განსაკუთრებით ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი შტაბი და „ქართული ოცნების” მაჟორიტარი შტაბი, ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა. დღეს, როცა „ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუ ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ, მაშინ ამის თქმის უფლება მათ ნამდვილად არ აქვთ, რაც მე ვნახე ჩემი თვალით და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქვემო ქართლს. იყო ადმინისტრაცული რესურსის გამოყენებაც, მუქარაც, კუთხურობაზე პედალირებაც და ბევრი სხვა ასეთი ფაქტორი, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობდა ამ თვალსაზრისით და ორივე მხარე ცდილობდა, რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველთან ჰქონოდათ ურთიერთობა და შესაბამისი შედეგიც დადგა. სხვა პარტიებმა ეს ვერ შეძლეს, რადგან ამისი რესურსი არ ჰქონდათ და ტექნოლოგიურადაც უფრო სუსტად იმუშავეს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
აქვე, ექსპერტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის გამუდმებულმა მუქარამ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ ამომრჩევლებმა „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მისცეს ხმა, იმ მოტივით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” არ მოეპოვებინა გამარჯვება.
„უკეთეს შედეგს ველოდი „პარტიოტთა ალიანსის” შემთხვევაში, ყველა რეგიონული გამოკითხვა უკეთეს შედეგს გვაძლევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის გაუთავებელმა ლაპარაკმა იმის თაობაზე, რომ ჩამოსვლას აპირებდა, მტრის ხატი შექმნა და განაპირობა ის, რომ სხვა პარტიების მომხრე ელექტორატიც კი გადაიხარა „ქართული ოცნებისაკენ” იმ მოტივით, რომ ჯობდა, „ქართული ოცნებისთვის” მიეცათ ხმა, რათა გარანტია ჰქონოდათ იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ვერ გაიმარჯვებდა.
რაც შეეხება მეორე ტურებს, ვფიქრობ, „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს მაქსიმალური შედეგით. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, „ნაციონალურ მოძრაობას” შანსი არ აქვს, წარმატებას მიაღწიოს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.