პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც კობახიძემ „მარშალპრესის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებები ემსახურება, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანასა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნების მეორე ტურში მანდატების მომატებას. ვიცე-სპირკერი არ გამოირცხავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაიწერა.
„ამ თემაზე შექმნილი აჟიოტაჟი, ვნებათაღელვა ხელოვნურად არის შექმნილი ”ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რაც არჩევნების მეორე ტურში მანდატების მომატებას ემსახურება. მათ საარჩევნო კამპანიისთვის გარკვეული თემების წამოწევა სჭირდებათ. აღნიშნული თემა, რომ თითქოს პარლამენტში ”ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა საფრთხეს წარმოადგენს, ხელოვნურად არის აგორებული, რათა ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ და რაღაც „შიშების“ შექმნით დააბნიონ. სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დღეს გარკვეული მოწოდებებით გამოდის, არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, როცა ”ნაციონალური მოძრაობა“ იყო საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში, ასეთი შემადგენლობით მართავდა ქვეყანას და არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა. მათ კონსტიტუცია პირდაპირ საკუთარ თავზე მოირგეს, თუმცა ასეთი მოწოდებები არ გვახსოვს. არ გამოვრიცხავ, სამოქალაქო საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დაწერილიყო.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ისეთი პოლიტიკური ძალის ხელშია, რომლის გაცხადებული კურსი არის ნულოვანი ტოლერანტობა, ”მეტი დაკავებული – მეტი პრემია”, ”ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთ”, გვამების პირდაპირი შეკვეთა და სპეცოპერაციების დროს ადამიანების სოცოცხლის ხელყოფა და ა.შ… ზოგადად, ასეთი პოლიტიკური ძალის ხელში ხელისუფლების თავმოყრა საფრთხეს წარმოადგენს, მითუმეტეს ისეთი უმრავლესობით, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ პოლიტიკური ძალის ხელში, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საკუთარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას, სიცოცხლის უფლებას აცხადებს და ყველაფერს აკეთებს ამ უფლებების რეალიზებისთვის, მისთვის საკონსტიტიცოიო უმრავლესობა რეფორმების გატარებისა და კონსტიტუციაში ხარვეზიანი ნორმების შეცვლის შესაძლებლობაა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.