ჩემს თავსაც ვადანაშაულებ, რომ ის თავის დროზე ავირჩიეთ მაშინ, როცა არსებობდა გაცილებით ღირსეული კანდიდატი, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში.
“უჩა ნანუაშვილი არაფერს ამბობს იმაზე, რომ ლგბტ აქტივისტებმა საპატრიარქოს შენობა დააზიანეს, საპატრიარქო და თითოეული მართლმადიდებელი შეურაცხყვეს და მხოლოდ ამ პიროვნებებს იცავს. სახალხო დამცველს მოვუწოდებ, ნუ იქნება მხოლოდ ერთი, გაურკვეველი ორიენტაციის ჯგუფის უფლებების დამცველი. მან, როგორც სახალხო დამცველმა, უპირველესად, ქვეყნის სიძლიერე უნდა დაიცვას. ქვეყნის სიძლიერე კი, იმ ფასეულობებზე დგას, რომელთა შეურაცხყოფა ქვეყნის შეურაცხყოფაა”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისი თქმით, მაშინ, როცა უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველად აირჩიეს, „ქართულმა ოცნებამ“ „რესპუბლიკელების“ ზეწოლით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
“ჩემს თავსაც ვადანაშაულებ, რომ ის თავის დროზე ავირჩიეთ მაშინ, როცა არსებობდა გაცილებით ღირსეული კანდიდატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ „რესპუბლიკელების“ ზეწოლით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ეს პიროვნება აირჩია. მეც არ გამიპროტესტებია, რადგან სათანადოდ არ ვიცნობდი და არ ვიცოდი, თუ მისი მხრიდან ასეთ ქმედებებს ექნებოდა ადგილი”, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მან აღნიშნა, აქციის მონაწილეებს აზრის გამოხატვას არავინ უშლიდა.
“ ჩვენ მათ კანონმდებლობით სრული უფლება მივეცით და ისინი დაცული არიან; მანქანებში და ოჯახებში არავინ უვარდებათ; პირიქით, აქეთ გადმოდიან შეტევაზე, მანქანაში გვივარდებიან და გვაიძულებენ, მათ შეკითხვებს ვუპასუხოთ. თუ რაღაც მიდრეკილება ჰქონდათ, წასულიყვნენ, ეზეიმათ და თავისი გმირული წარსული, აწმყო თუ მომავალი აღენიშნათ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.