თეა წულუკიანი არის მუშაობის პროცესში, სადაც რეფორმების პირველი ეტაპი დაიწყო. ამ პროცესში კულტურის კომიტეტი ჩართულია, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საკითხებზე და სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვიღებთ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.
ელისო ბოლქვაძის თქმით, არის საკითხები, სადაც კულტურის კომიტეტს შეუძლია, რაღაც მოისმინოს, მაგრამ არის საკითხები, რაზეც კულტურის კომიტეტი ვერაფრით ჩაერევა მინისტრის საკადრო პოლიტიკაში.
„როცა საპარლამენტო ზედამხედველობაზე საუბრობთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ და მომწერონ დასაბუთებულად ის საკითხები, რაზეც მათ წუხილები აქვთ. თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ რაიმე სახის კომუნიკაციაში დავეხმაროთ, ამას გავაკეთებთ, მაგრამ როცა საუბარი მიდის ისეთ პრობლემებზე, როცა საკითხი პროკურატურაში იხილება, სასამართლოა და ა.შ. ამ საკითხებს საპარლამენტო ტრიბუნიდან ვერაფრით ვერ ჩაერევით. არ ვფიქრობ, რომ საერთოდ კულტურის სამინისტრო ღია ორგანიზაცია უნდა იყოს, არ არის სამინისტრო ღია ორგანიზაცია. კულტურა ისეთი სფეროა, სადაც ძალიან რთული მიმართულებებია და სადაც ბევრ ადამიანს შეიძლება წარმოდგენა აქვს, რომ უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე იღებს და ა.შ. ეს გასასწორებელია და თეა წულუკიანი ქმნის კოდექსს, სადაც შეიძლება უფრო მეტი სიზუსტე, მეტი სისტემურობა, მეტი ორგანიზებულობა ჰქონდეს ამ დარგს და ამაზე ჩვენც ვეხმარებით, რადგან ეს ერთიანი პროცესია და არ მესმის, ეს ისტერიკული შეძახილები, რომ მე მომხსნიან იუნესკოს ელჩობიდან. ე.ი. ეს ზეწოლაა ჩემზე, რომ მე თუ ამას არ გავაკეთებ, მაშინ მომხსნიან. ვინ მისცათ ამის უფლება? არავის მიუცია ამის უფლება, მე ვარ უკვე ელჩი და ვერ ჩამომართმევენ, ეს მინდა კარგად გაითავისონიმ ადამიანებმა, ვინც სოციალურ ქსელში დაიწყეს ასეთი ზეწოლა, რაც ჩემთვის ღიმილისმომგვრელია“, – განაცხადა ბოლქვაძემ.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მინისტრს უფლებამოსილება აქვს, თავისი საკადრო პოლიტიკა განახორციელოს.
„არის ფორმატი, როცა პარლამენტში მოდის და თემებზე საუბრობს. ვერცერთ მინისტრს ვერცერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ დაავალებს საზოგადოება რომ იყოს გახსნილი, რას ნიშნავს იყოს გახსნილი? – ჩვენ არ ვართ დაკეტილები, როცა წერილი მომდის კულტურის კომიტეტში, ყველა წერილს ეცემა პასუხი. ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ღელავენ, ჩვენ მოგვმართონ კონკრეტული შეკითხვით, თემით და არა საზოგადოდ – რატომ. რა დარღვევაზე მესაუბრებიან და უზურპაციაზე, არ მესმის, ვერაფრით წარმოვიდგინე. აუცილებლად მოიწერონ წერილი“, – განაცხადა ბოლქვაძემ.
პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, კულტურის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტრო კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩაკეტა.