“უკრაინაში მებრძოლი ორივე მხარე 3-თვიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად გამოიფიტა და უახლოეს თვენახევარში ომის მსვლელობაში მოსალოდნელია სერიოზული გარდატეხა, თუმცა ვის სასარგებლოდ – წინასწარ ძნელი სათქმელია. ასე აფასებენ სამხედრო ანალიტიკოსები ფრონტზე შექმნილ ვითარებასა და კიევში გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს ომის მესამე ფაზის დაწყების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დაიწყო ომის დასკვნითი მესამე ფაზა. მისი ცნობით, ახლა ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებაზეა, სადაც რუსეთის ჯარი უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად აგზავნის დამატებით ძალებს. ასევე შეტევის განხორციელებას პაპასნაიას დასავლეთით და ჩრდილოეთით ცდილობს. პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ვითარებას “არასასიამოვნო” უწოდა, უკრაინელი სამხედროების გამოფიტვის ხარისხის გათვალისწინებით. სამხედრო ანალიტიკოსთა უმრავლესობა მესამე ფაზაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნებს, რადგანაც რუსებს ჯერ მეორე ფაზისთვის დასახული გეგმა არ შეუსრულებიათ და არც ის ჩანს, რომ ამ გეგმაზე უარს ამბობენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ორი გამოფიტული არმია და ომის მესამე ფაზა – როდის და ვის სასარგებლოდ მოხდება გარდატეხა უკრაინის ომში.
“მეორე ფაზის დროს კი რუსულ სარდლობას დაგეგმილი აქვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავება და პარალელურად სამხრეთ უკრაინის ოკუპაცია, რაც ნიკოლაევისა და ოდესის აღებასა და მოლდოვის საზღვრამდე გასვლას გულისხმობს. რაც შეეხება საუბრებს უკრაინის არმიის გამოფიტვაზე, მათი შეფასებით, იგივე შეიძლება ითქვას რუსულ არმიაზე, რომელსაც ცოცხალი ძალის გარდა სამხედრო ტექნიკის მძიმე დანაკარგიც აქვს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო დღეებში მათ საბრძოლო მოქმედებებში უკვე სტრატეგიული ავიაციის გამოყენება დაიწყეს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ომი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. ივლისში კი, როდესაც უკრაინა უკვე ფიზიკურად მიიღებს უახლეს დასავლურ შეიარაღებას და დაასრულების სამხედრო პერსონალის შესაბამის გადამზადებას, ომში შეიძლება უკრაინელთა სასარგებლოდ სერიოზული გარდატეხა მოხდეს. ჯიპას ასოცირებული პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ დღეს რაც უკრაინაში ხდება, ომის მეორე ფაზის გაგრძელებაა და მას შემდეგ, რაც უკრაინა დასავლეთიდან უახლეს იარაღს მიიღებს და სამხედრო პერსონალი შესაბამისად გადამზადდება, ომში დიდი ალბათობით გარდატეხა მოხდება, რაც უკრაინის მხრიდან კონტრშეტევას გულისხმობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ომი მანამ გაგრძელდება, სანამ უკრაინას არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, არამედ რუსი სამხედროებისა და იმ პოლიტიკოსების დასჯა არ შეძლებს, ვინც უკრაინელთა განადგურების ბრძანება გასცა. გარდატეხა უნდა მოხდეს, რომელიც ან უკრაინელთა, ან რუსების სასარგებლოდ უნდა იყოს, რაც ჯერ არ იკვეთება. ვერ ვიტყოდი, რომ რუსებმა დამატებითი მესამე ფაზის შეტევა დაიწყეს. ეს იმ შეტევის გაგრძელებაა, რასაც ახორციელებენ. მით უმეტეს რუსული ნაწილები ლუგანსკის რაიონში წინ ისე მიიწევენ, რომ არავითარი დამატებითი მესამე ფაზა არ სჭირდებათ. მაგრამ მეორეს მხრივ უკრაინელებს ახალი იარაღის მიღების, მისი ათვისების და მობილიზაციის დასრულების შემდეგ საშუალება ექნებათ, რომ კონტრშეტევა წამოიწყონ. მეორე ფაზა თუ რუსების მარცხით დასრულდება, მობილიზაციის გარეშე მათ მესამე ფაზის დაწყების საშუალება არ ექნებათ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“ახლა სამხედრო მოქმედებებში რუსეთს 90-დან 120 ათას სამხედრომდე ჰყავს ჩართული. მილიონამდე სამხედროს ვერ გამოიყვანს, რადგან მათი მომარაგება, აღჭურვა და გამოკვება ლოჯისტიკურად კატასტროფა იქნება. მათ ამ რაოდენობის ადამიანი შეუძლიათ ხანგრძლივად ჰყავდეთ, დანაკარგები კერძო კონტრაქტორი კომპანიებიდან შეავსონ, მაგრამ ამასაც ლიმიტები აქვს. უკრაინას ახლა უფრო მეტი სამხედრო ჰყავს, ვიდრე რუსებს, შეფარდება ორი ერთზეა. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა – ეს სამხედროები რუსეთისა და ბელარუსის მთელ საზღვარზე არიან გადასროლილი, ნაწილი კიევთანაა გამაგრებული. ახლანდელ ფრონტის ხაზზე გადაადგილებას კი ვერ ახერხებენ. მაგრამ ეს ვითარება ყოველდღიურად იცვლება, რადგან იქმნება ტერიტორიული დაცვის დამატებითი რაზმები, რომელთა მობილიზება აპრილიდან დაიწყო. რუსებისაგან განსხვავებით უკრაინელები სამხედროებს არა 1-2 კვირა, არამედ თვეზე მეტ ხანს წვრთნიან. შეიარაღებული ძალების შევსების მერე კი შესაძლებელია უფრო ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა განახორციელონ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“უკრაინელების შემართება მაღალია. ძველი რეგულარული არმიაა, რომელიც კონკრეტულ ადგილებში 2014-15 წლებიდან იბრძვის, მათ შორის ლუგანსკსა და დონეცკში. ამ ეტაპზე მათი ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება ალბათ ლოგიკური და შესამჩნევია, ისინი ფართომასშატბიან შეტევებს სამი თვის განმავლობაში უძლებდნენ და ამან თავისი კვალი დატოვა. მაგრამ არ ნიშნავს, რომ მთელი არმია გამოიფიტა. უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში რუსების კიდევ უფრო გაშმაგებულ შეტევას ვიხილავთ, მაგრამ თითოეული ტერიტორიის დასაკავებლად ორ-სამჯერ მეტ სამხედროს კარგავენ. რთული სათქმელია ისინი დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლას რამდენად შეძლებენ. უფრო სავარაუდოა, რომ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლა მოახერხონ. თუმცა ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი უკრაინელთა კონტრშეტევით დასრულდება. მათ დასავლური დახმარება აქვთ და რუსებმა მთელი დონეცკისა და ლუგანსკის რაიონი რომც დაიკავონ, ისინი ომს თავისით ვერ დაასრულებენ”, – მიიჩნევს კობერიძე.
“ომში სრული გარდატეხა აუცილებლად დადგება ივნისის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში. სავარაუდოდ, რუსებს კიდევ ექნება რესურსი, რომ მობილიზაციის გარეშე თვეზე ოდნავ მეტ ხანს აქტიური საბრძოლო მოქმედებები აწარმოონ, მაგრამ ივლისის პირველი ნახევრისთვის უკრაინელები სავარაუდოდ უფრო მეტად გაქტიურდებიან და კონტრშეტევებს დაიწყებენ. ომის დასრულებას ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყსში ვვარაუდობ, თუკი მანამდე უეცარი გარდატეხა არ მოხდა”, – დაასკვნის გიორგი კობერიძე. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინს ჯერ მეორე ფაზის გეგმების განხორციელება უჭირს და არავითარი მესამე ფაზის დაწყების კონტურები არაა”, – დასძენს გამოცემა.
“არავითარი მესამე ფაზა არ დაწყებულა, ეს მეორე ფაზის გაგრძელებაა, რადგან ის გეგმები, რაც პუტინმა მეორე ფაზაში შეიტანა, არ განუხორციელებია. ახლა რუსების გადაჯგუფბა და კონცენტრაცია ლუგანსკისა და ხარკოვის მიმართულებითაა. ისინი ლუგანსკის მთლიანად დაკავებას ცდილობენ, რომ მერე უკვე კრამატორსკი-სლავიანსკის მიმართულებით გადავიდნენ. მეორე ფაზის პუტინის გეგმა დონბასის ოკუპაცია, შემდგომში ნიკოლაევის, ოდესისა და მიმდებარე ტერიტორიების დაკავება და დნესტრისპირეთზე გასვლაა, ასევე ზაპოროჟიე-კრივოი როგის მიმართულებით პლაცდარმის შექმნა. ჯერ ეს ვერ განახორციელეს და მესამე ფაზაზე ვერ გადავლენ. ჯერჯერობით მეორე ფაზა გაჭიანურდება”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“მარიუპოლის დაკავებაზე კონცენტრირებული რუსების დაჯგუფება დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით გადაისროლეს. აქ ცხარე ბრძოლოები უკვე დაიწყო. რუსებმა ხარკოვის მიდამოებში ტაქტიკური კონტრშეტევა დაიწყეს. ასევე სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავებას ცდილობენ, რომ 8 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცები ალყაში მოაქციონ და ამით ლუგანსკის ოკუპაცია დაასრულონ. შემდეგი მიმართულება უკვე დონეცკი, კრამატოსკი-სლავიანსკი და ავდეევკის მიმართულება იქნება. მარიუპოლი დონეცკის ოპერაციაში შედიოდა და შემდგომში, როგორც ჩანს, ნიკოლაევი-ოდესაზე გადასვლა სურთ. უკრაინელების ცოცხალი ძალა ომში იფიტება, თუმცა შემართება მაღალია. თუ რუსებმა დონეცკისა და ლუგანსკის დაკავება შეძლეს, ისე როგორც მარიუპოლში მოხდა, მაშინ ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძალას წაართმევს. რუსებიც იფიტებიან. ამის გარდა, მათ საბრძოლო ტექნიკა აკლდება”, – განაგრძობს ექსპერტი.
“საბრძოლო ავიაციაში რუსებს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვთ. ისინი უკვე “სუ-57”-ების ანუ სტრატეგიული შეიარაღების გამოყენებას იწყებენ და ეს ნიშნავს, რომ რუსების ძალები იფიტება. მაგრამ ერთი ნიუანსია, შემოსავლები ჯერ კიდევ აქვთ. რუსეთი მესამე ფაზაში იმ შეთხვევაში გადავა, თუ ამ გეგმებს შეასრულებს. მესამე ფაზის შესაძლო გეგმები ხარკოვის და დნეპრის დაკავება იქნება. მერე შეეცდება, რომ კიევზე წავიდეს. ჩანს, რომ რუსებს საბრძოლო მოქმედებების წარმოება არ ეჩქარებათ. ისინი გაჭიანურებული საბრძოლო მოქმედებების გეგმაზე გადავიოდნენ. ამისთვის უკრაინელებიც ეზადებიან და ძალების კონცენტრაციას ახდენენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთის 30% “აზოვსტალში” იყო განლაგებული. თუ ასეთი სერიოზული ჩავარდნა კიდევ მოხდა, ეს მათი საბრძოლო მოქმედების ხარისხს კიდევ დასწევს. უკრაინელებმა პირველ რიგში ეს უნდა გაითვალისწინონ”, – თვლის ვახტანგ მაისაია.