კარგია გამარჯვების ემოცია, მაგრამ ამას დაბალანსებულად უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება სტაბილური თამაშის ჩვენება. ჩვენ ამიერიდან შემოგვხედავენ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში ვიდრე გვიყურებდნენ და როცა მანამდე სხვა სიბრტყეში გვიყურებდნენ, ეს გარკვეულწილად ჩვენი უპირატესობა იყო, – ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„გუშინ ღამევე მივიღე არგენტინის ნაკრების შემოთავაზება რომელიც აქ 24-დღიანი შეკრების გამართვას ითხოვს. აღარ ვამბობ სხვა რა მოჰყვება ამას. გაცილებით სხვა ფაზაში გადავედით, უფრო საინტერესოში და მძიმეში, მაგრამ ამისთვის არის ძალისხმევა, რომელსაც მთავრობა, ბატონი ბიძინა [ივანიშვილი], ხალხი ერთად ვუდგავართ და პრინციპში მზად ვართ. რაც შეეხება, 6 ერს, ჩვენ 3-4 წელი გვჭირდება, რომ ყოველი თამაში იყოს ამ ხარისხის. ვიმედოვნებ რომ ჩვენ ამ პერიოდში ამ კარს გავაღებთ. ისეთი თამაში ვაჩვენეთ, რომ შეიძლება უფრო დაჩქარდეს, მაგრამ, ზომიერი რომ ვიყო ვფიქრობ ამ დროში, მიუხედავად იმისა რომ ექსპერტები ფიქრობენ რომ ეს შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია, თუ ყველა ერთად ვართ. ერთ-ერთმა ძალიან გავლენიანმა ექსპერტმა დატვიტა, უელსმა მოუგო სამხრეთ აფრიკას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გუნდია, უელსს მოუგო იტალიამ და საქართველომ მოუგო იტალიას და შესაბამისად საქართველო ჩემპიონიაო. ეს ნაწილობრივ ხუმრობაა“, – განაცხადა ტყემალაძემ.