მოქალაქე ლაშა შუკაკიძემ ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა პარტიის ლიდერების გაკეთებული განცხადებების გამო. 2022 წლის 8 ივნისის სარჩელში მოქალაქე ითხოვდა სასამართლოს შეეფასებინა განცხადებების შინაარსი, მოსარჩელის აზრით, ისინი “ცდილობენ, საქართველო ჩააბან რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში”.
“კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი. კერძოდ, დასადგენია აღნიშნული პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, რამდენად წარმოადგენს აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მიზანს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომისა და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, ეთნიკური, კუთხური ან რელიგიური შუღლის გაღვივება”, – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც სარჩელის შინაარსს აღწერს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომელ განცხადებებს მიიჩნევს მოქალაქე პარტიულ საქმიანობასთან შეუსაბამოს.
მოქალაქე ლაშა შუკაკიძის მოთხოვნა იყო საკითხი სასამართლოს შეესწავლა “საქართველოს კონსტიტუციის” 23-ე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით:
მესამე პუნქტი: “დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით”;
მეოთხე პუნქტი: “პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით”.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ, ვასილ როინიშვილის, ევა გოცირიძის, გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის შემადგენლობით, საქმე განსახილველად არ მიიღო. გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზე 20 ივლისს გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ მიზეზი ის იყო, რომ სარჩელი არ შეიტანა უფლებამოსილმა ადამიანმა.
საქართველოს კონსტიტუციით, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი (30 დეპუტატი) ან მთავრობა სარჩელით