შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ჟურნალისტების მისერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ ჩაერთო ვერტმფრენი ხანძრის ქრობის პროცესში პირველივე დღეს, მან განაცხადა, რომ კონკრეტულად გაწერილი არ არის, როდის უნდა ჩაერთოს ვერტმფრენი და როდის არა. შს მინიტრის თქმით, როდესაც გაუჭირდათ და მიხვდნენ, რომ ლოკალიზება ვერ ხდებოდა, გამოძახეს, თუმცა, ძლიერმა ქარმა შეუშალა ხელი.
„როცა საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს, მაშინ ჩაერთო ვერტმფრენი. გუშინ ვერ იმუშავეს ფიზიკურად, მარტო ოთხჯერ დაასხეს წყალი, ისეთი ქარი იყო, რომ ვერ ფრინდებოდა ვერტმფრენები. პირველ დღეს არ ჩათვალეს საჭიროდ, დაიწყეს მუშაობა, თუმცა ქარი ამოვარდა და ქარმა მერე გაავრცელა ეს ცეცხლი. ისე, რომ ასე გაწერილია – ვერტმფრენი ამ დროს უნდა ჩაერთოს და ამ დროს არ უნდა ჩაერთოს, ასეთი რაღაც არ არსებობს მსოფლიოში, მარტო ჩვენთან კი არა, არსად არ არსებობს. როცა ჩათვალეს საჭიროდ და გაუჭირდათ, ლოკალიზებას ვერ ხედხდებოდა, აქედან გამომდინარე, გამოიძახეს, ჩამოვიდა, რამდენიმე დასხმა მოასწრეს, მაგრამ ისეთი ქარი იყო, რომ დანარჩენი ვერტმფრენები ვეღარ წამოვიყვანეთ.
მინდა კიდევ გავუსვა ხაზი, ვერტმფრენი ერთია, ისე ნუ წარმოგვიდგენია, ვერტმფრენი რომ მიფრინდება, დაასხამს წყალს – დამთავრდება ყველაფერი. იქ თუ ფიზიკურად ადამიანებმა არ დაამუშავეს მიწა… წეღან ვუყურებდით, ვასხამდით წყალს, ამოვთხარეთ დაახლოებით 30 სანტიმეტრი და ისევ ცეცხლი ეკიდა. მთავარი კერა, წყლით მუშავდება, თუმცა მერე ხელით თუ არ ჩახვედი და არ დაამუშავე, აზრი არ აქვს, დაახლოებით ერთ საათში იგივე მოხდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.