ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა სამხრეთ კორეის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელთან ბატონ იუუნ ტესიკთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ რთულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ამაღლების მიზნით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის დელეგაციის წევრებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან. მათ, ასევე დაათვალიერეს კონტეინერების შემოწმებისა და ექსპრესს გზავნილების ავტომატური დამუშავების ცენტრი, სადაც რისკების მართვისა და საბაჟო კონტროლის პროცედურებს გაეცნენ.
აღნიშნული ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი ნოდარ კაკრიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია კორეის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.