თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული ოთხი პირი დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, „ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, ერთ-ერთ პირსა და მოდავე მხარეს შორის არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, არაერთხელ მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“.
3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 1 პირს კი – სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა) წარედგინათ.
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ 2 წევრს სასჯელის სახით 8 – 8 წლით, ხოლო 1 წევრს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება „ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვაში ბრალდებულს, მას სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.