გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
ჩინეთში კანცლერი ქვეყნის ლიდერს სი ძინპინს და პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა. როგორც ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, ჩინეთის და გერმანიის ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია.
„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა.
„ვუთხარი პრეზიდენტ სი ძინპინს, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთმა განახორციელოს გავლენა რუსეთზე“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.
ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტს კარგი და სწორი გადაწყვეტილება უწოდა. „კარგია და სწორია, რომ დღეს მე ვარ აქ, პეკინში“, – აღნიშნა შოლცმა.
ამასთან, როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული კრიზისისას მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ ევროპაში ომი დააბრუნა. კრიზისის დროს, მოლაპარაკებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მანდ.
ოლაფ შოლცმა ასევე ჩინეთში ვიზიტისას უმცირესობების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები არის უნივერსალური.