სოჭის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებს ამ დრომდე ეძებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ 154, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, სოჭის აეროდრომიდან აფრენიდან 20 წუთის შემდეგ რადარებიდან გაქრა და შავ ზღვაში ჩავარდა.
ლაინერის ფრაგმენტები 70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. უკვე ნაპოვნია 7 გარდაცვლილის ცხედარი.
ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა განიხილება, თუმცა გამოძიება პილოტირების შეცდომისა და ტერაქტის ვერსიაზეც მუშაობს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტუ 154 მოსკოვის ჩკალოვსკის აეროდრომიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიფრინავდა. ლაინერი სოჭში საწვავის მარაგის შესავსებად დაეშვა. ბორტზე სამხედროები, ჟურნალისტები და ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც ხმეიმიმის ბაზაზე რუსი სამხედროებისთვის საახალწლო კონცერტი უნდა გაემართათ.