საქართველო რჩება რეგიონში, და არამარტო რეგიონში, სტაბილურობის კუნძულად და ვფიქრობ, ეს ბიუჯეტიც სწორედ ამ სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ადეკვატურია, – ამის შესახებ “კვირას” ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ განუცხადა, რითაც 2023 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებული ვერსია შეაფასა.
პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრიორიტეტად სოციალური მიმართულება რჩება, რომლის წილიც 2023 წლის ბიუჯეტში მოცულობითია. სოსო არჩვაძის შეფასებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ მთავრობა საკუთარი მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
“როცა ეკონომიკური ზრდა იძლევა შესაბამის შესაძლებლობას, ბიუჯეტშიც მეტი სახსრების აკუმულირება ხდება, რაც შემდგომ გამოიყენება არა მარტო ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, არამედ – პირდაპირი დანიშნულებით სოციალური საჭიროებისათვის, ანუ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის.
საბიუჯეტო დახმარება და ხარჯები პირობითად შეიძლება, ორი სახით წარმოვიდგინოთ. ერთი პირდაპირი მონეტარული დახმარება და მეორე – არამონეტარული. მონეტარული არის, როდესაც ხელისუფლება მიმართავს პენსიების, ხელფასების, სოციალური დახმარებების, დეკრეტული ანაზღაურების მომატებას და ა.შ. რაც საკმაოდ ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში.
კითხვაზე, ხომ არ არის ზედმეტად დატვირთული სოციალური პროგრამებით ბიუჯეტის პროექტი, რაც იწვევს ბიზნესზე ნაკლებად ორიენტირებულობას, არჩვაძე პასუხობს, რომ საქართველოს როლი რეგიონში, როგორც სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქვეყნისა, უფრო და უფრო იზრდება, ბიზნესი კი მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს.
“ბიზნესი სარგებლობს მთელი რიგი შეღავათებით, ამის დასტურია, რომ საქართველოზე აქვთ ორიენტაცია ჩვენს მეზობელ და არამეზობელ ქვეყნებს. საქართველოს ფუნქცია, როგორც სატრანსპორტო, ასევე საკომუნიკაციო იზრდება და მხოლოდ ოქტომბერში რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ზე მეტით არის გაზრდილი. ბიზნესს რომ რაიმე შეზღუდვები ჰქონოდა, ასეთი დამოკიდებულება არ იქნებოდა და არც ასეთი ინტერესი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს “ბრალდება” თითიდან გამოწოვილია”, – ამბობს ეკონომისტი.
მისი თქმით, 2023 წლის ბიუჯეტი საკმაოდ მასშტაბურია.
“ჩვენ ასეთი მასშტაბური ბიუჯეტი არ გვქონია. გაიზარდა შემოსავლების ხარჯვითი ნაწილი. უმჯობესდება ხარისხობრივი პარამეტრები, მათ შორის, სამთავრობო ვალის თანაფარდობა. რომ გადავხედოთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. საქართველო რჩება რეგიონში და არა მარტო რეგიონში, სტაბილურობის კუნძულად და ვფიქრობ, ეს ბიუჯეტიც სწორედ ამ სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ადეკვატურია”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.