ბრიტანული “გარდიანის”ინფორმაციით, ირანში უშიშროების ძალებმა, რომლებსაც ოფიციალურად “რევოლუციის გუშაგებს” უწოდებენ, 27 წლის მამაკაცი მეჰრან სამაკი მოკლეს, რომელიც ირანის ნაკრების მარცხს (ამ ქვეყნის ნაკრები 30 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა) ზეიმობდა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Iran Human Rights (IHR)-ის ცნობით, შემთხვევა კასპიის ზღვისპირა ქალაქ ბანდარ-ანზალში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეჰრან სამეკს მას მერე ესროლეს, რაც მანქანის საყვირით ერთი მხრივ ანტისახელისუფლებო აქციებს დაუჭირა მხარი, მეორე მხრივ კი ირანის საფეხბურთო ნაკრების მარცხი აღნიშნა.
შეგახსენებთ, ირანის ეროვნული ნაკრების წევრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისას ინგლისის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ირანში, სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.
ინგლისთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ეხსან ხაჯსაფიმ საჯაროდ მხარი დაუჭირა ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს, რომელთა ჩახშობასაც ირანის ხელისუფლება უკვე ორი თვეა ცდილობს.
“მათ უნდა იცოდნენ, რომ მათთან ვართ, მხარს ვუჭერთ და თანავუგრძნობთ მათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული პირობები არასწორია და ჩვენი ხალხი უკმაყოფილოა. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მათი ხმა ან პატივი არ უნდა ვცეთ მათ. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მათგანაა”, – განაცხადა კაპიტანმა.
ირანელმა ფეხბურთელებმა პარასკევს, უელსის წინააღმდეგ თამაშის დროს ჰიმნი შეასრულეს, შეეცადნენ ემღერათ აშშ-თან თამაშის წინაც, თუმცა ეს აშკარად არ იყო იმედით და ენთუზიაზმით ნამღერი.
მეჰრამ სამაკის ტრაგედიას ირანის ნაკრების ფეხბურთელი საიდ ეზატოლაჰი ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
26 წლის მოთამაშემ, რომელიც აშშ-სთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, “ინსტაგრამზე” ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მოკლულ მეჰრანთან ერთადაა გადაღებული. როგორც ირკვევა, ისინი მეგობრები იყვნენ – ფეხბურთელიც ბანდარ-ანზალიდანაა.. “შენი დაკარგვის საშინელმა ამბავმა, ჩემს გულს ცეცხლი წაუკიდა”, – დაწერა ფეხბურთელმა.