ტერორიზმი გერმანიის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საახალწლო მილოცვაში ისაუბრა.
მერკელის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბერლინის ტერაქტი ტუნისელმა თავშესაფრის მაძიებელმა პირმა ჩაიდინა, „საზიზღრობაა“, რომ ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობენ ისეთი ადამიანი, რომლებიც დახმარებასა და დაცვას ითხოვენ.
როგორც მერკელმა აღნიშნა, 2016 „დიდი გამოცდების“ წელი იყო.
„ჩვენ ვეუბნებით ტერორისტებს: თქვენ სიძულვილით აღსავსე მკვლელები ხართ, მაგრამ თქვენ ვერ განსაზღვრავთ, როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, ღია და ყურადღებიანები“ – განაცხადა მერკელმა.
12 ადამიანი გარდაიცვალა ტუნისელი ანის ამრის მიერ ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილით შევარდნის შედეგად.
წლის დასაწყისში, ავღანელმა ლტოლვილმა ხუთი ადამიანი დაჭრა, ხოლო სირიელმა, რომელსაც თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს, თავი აიფეთქა – შედეგად 15 ადამიანი დაიჭრა.
ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ, მერკელის მიგრანტთა პოლიტიკა გააკრიტიკეს, ვინაიდან გერმანიის კანცლერმა მილიონობით ლტოლვილს მისცა ქვეყანაში შესვლის უფლება.