იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან თუ რწმუნებულისგან ისმის, ომის დაწყების დღიდან საქართველო 400-ზე მეტ რეზოლუციას შეუერთდა და ყველა პლატფორმაზე გამოუცხადა მხარდაჭერა; ოკუპირებულმა საქართველომ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში, ასევე საქართველო იყო თანასპონსორი გაეროს რეზოლუციის. ყველა უკრაინელი, რომელიც საქართველოში იმყოფება, დაცულად ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ მათ მაქსიმალური კომფორტი აქვთ შექმნილი, გაიხსნა უკრაინულ ენაზე სკოლები უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის.
ასევე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს, სადაც ოკუპირებულმა საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
მიუხედავად ამ ფაქტებისა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატი „შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებს, რასაც უკრაინა გმობს“. კასიანოვი ამ ბრალდებას იმ ქვეყნის მთავრობას უყენებს, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რწმუნებული კასიანოვი ყველას ურჩევს, ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი.
„ძალიან შეშფოთებულები ვართ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, ერთ დროს რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს ნებაყოფლობით დაუთმო.
ასეთ დივნის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს. ეს არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის 80 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ისევე როგორც ათასობით ჩვენი ქალაქისა და სოფლების გათავისუფლება მათ შორის, ისეთი ქალაქებისა, როგორიცაა ხერსონი – უკრაინის ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომლის აღება რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდანვე მოახერხეს“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ბრალდებას უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის განცხადებით, კასიანოვის განცხადება პირდაპირ ნაჯახივით მოქნეული პროვოკაციაა ომის ერთი წლისთავზე. მისი თქმით, ეს გამიზნული მორიგი პროვოკაციაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ქადაგიშვილის აზრით, კასიანოვის განცხადება ნათელი ლუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას.
„ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა – საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? – რა თქმა უნდა, უნდათ! სამწუხაროდ, ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. დაუსრულებელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო თავის პოზიციას მაინც მყარად ინარჩუნებს, ეროვნულ ინტერესებს იცავს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უკრაინელ ხალხს ამ აგრესიის დაძლევაში მხარს უჭერს. კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება, თუ გნებავთ, მკაცრ დიპლომატიურ ენას. ეს პირდაპირ არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლის თავზე. ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და საქართველო არ უნდა აიძულოს, საბედისწერო შეცდომები დაუშვას. ეს ნათელი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ფიქრობენ, რომ თუ ომი იქნება, რუსეთს ახალი პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაჯახით მოქნეული პროვოკაციაა. პრეზიდენტის განცხადებები ასეთი პროვოკატორების ქმედებებს ახალისებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კასიანოვის განცხადება არის პროვოკაცია, თუმცა პროვოკაციის ფარგლებშიც აქვს საზღვრები იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელიც შეიძლება თქვას დიპლომატმა.
„ეს არის შეურაცხყოფა და უბინძურესი პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ამას არ წამოვეგებით. სამწუხაროდ, ანდრეი კასიანოვი და უკრაინის ხელისუფლების ბევრი თანამდებობის პირი საქართველოს მისამართით ისეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს მოიხმარენ ხოლმე, როგორსაც რუსეთის მისამართით არ იყენებენ. ერთი წლის თავზეც კი, ჩვენ დღეს გავაკეთეთ განცხადებები, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩვენ ვართ რეზოლუციის ერთ-ერთი თანასპონსორი. 400-მდე საერთაშორისო აქტზე გვაქვს ხელი მოწერილი უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის საწინააღმდეგოდ. ასევე, პირველად ადგილზე ვართ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით.
სხვათა შორის, წარმომიდგენია, რა დისკომფორტს განიცდიან უკრაინის მოქალაქეები, როდესაც მათი სახელმწიფოს ელჩი ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობს იმ სახელმწიფოს და ხელისუფლების მისამართით, რომელიც საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია. გასაგებია, რომ ეს არის პროვოკაცია, თუმცა პროვოკაციის ფარგლებშიც აქვს საზღვრები იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელიც შეიძლება თქვას დიპლომატმა. ეს არის შეურაცხყოფა და უბინძურესი პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ამას არ წამოვეგებით“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე პროპაგანდისტული ხაზი გაატარა და საქართველოს საკუთარი მოქალაქეები დააშინა, როდესაც უთხრა, რომ თუ რუსეთთან კეკლუცის პოლიტიკა არ გვექნება, მაშინ ჩვენთან ომი იქნება.
„ეს არის სრულიად მცდარი იმ პირობებში, როდესაც რუსეთი არის დასუსტებული და უკრაინაში ამხელა სამხედრო ძალის გადასროლის მიუხედავად, ისინი ვერავითარ წინსვლას ვერ ახერხებენ. მეტსაც გეტყვით – ძალიან მალე სამხრეთის ფრონტის მიმართულებით უდიდესი გარღვევა იქნება. საქართველოს ხელისუფლება უნდა ესმოდეს, რომ უკრაინა და საქართველო განუყოფლები არიან. ჩვენ ჩვენი მომავლით ვართ განუყოფლები. საქართველოს უნდა ჰქონოდა არა ძალიან ზერელე სოლიდარობა, არამედ უკრაინისა და საქართველოს პარტნიორობა უნდა ყოფილიყო იმდენად გადაბმული, რომ განცალკევება არ მომხდარიყო. საქართველო, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, უკრაინასთან ერთად ყველაზე ხმაურიანი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. პუტინს არა აქვს იმის ძალა, საქართველოს ან რომელიმე ქვეყანას დაუპირისპირდეს – ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პუტინის საფარქვეშ ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანონ კასიანოვი, თუმცა ერთადერთი მიზნით, რომ უვნებლად მიაცილონ თვითმფრინავის ტრამპთან.
„ეს არარაობა სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანონ, ოღონდ ერთადერთი მიზნით: უვნებელად მიაცილონ თვითმფრინავის ტრაპამდე. საზოგადოების მოთმინების ფიალა უკვე აშკარად გადაივსო. ეს „დიპლომატის პაროდია“, რომლის ქვეყნის ჯარი რეალურად იღებდა მონაწილეობას 2009 წლის 9 მაისის აღლუმში წითელ მოედანზე ქართველების სისხლის მსმელ რუს ოკუპანტებთან, ხოლო უკრაინელი სარდალი სააღლუმო პატაკს აბარებდა შოიგუს – რას გვიბედავს? ეს არარაობა, რომლის პარლამენტი 2008 წელს კენჭისყრაზე იხილავდა ორ რეზოლუციას: „ქართული ჯარის აგრესია სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ და „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე“ – რას იძახის ჩვენს ხელისუფლებაზე და შოიგუზე?“, – აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ე.წ. „პრეზიდენტის“ და უკრაინის ე.წ. „ელჩის“ სრულიად უგვანო განცხადებები დღეს, რომელიც დროში დაემთხვა რადიკალური ოპოზიციის დღევანდელ აქციას, არის მკაფიო ინდიკატორი ხელისუფლებაზე მორიგი კოორდინირებული შეტევის.
„აკი მიანიშნეს, არაფერს გამოვრიცხავთო. ასევე სრულიად ცალსახაა, რომ ეს განცხადებები აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ემსახურება საპროტესტო მუხტის აწევას და ხალხის მობილიზებას – ეტყობა გაუჭირდათ. ეხლა ვფიქრობ, იქნებ სწორადაც მოიქცა ხელისუფლება, რომ კიევში არ წავიდა. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი როყიო გამოხდომებით კასიანოვი ცდილობს კიევში თავი მოაწონოს ვიღაცეებს, რომ იტყვიან ტრენდში ჩაჯდეს, და აქ ელჩობას გამოჰკრას ხელი“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.