უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა აქტიურად ემზადება ნატოს სამიტისთვის, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.
„ჩვენ აქტიურად ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის. ველოდებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები იყოს. ჩვენთვის საკმარისი არ არის „ღია კარი“. ეს ფრაზა უკრაინისათვის მრავალი წელია ისმის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
„ჩვენი სამხედროები დღეს ნატოს აღჭურვილობით იბრძვიან, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყენებენ ნატოს სტანდარტებს, ანუ პრინციპში ჩვენ უკვე დე ფაქტო ვართ ნატოში. ბევრი ქვეყანა წევრიანდება ნატოში, რათა ჰქონდეს [ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა] Patriot-ი, [გერმანული ტანკი] Leopard-ი. დღეს უკრაინა უკვე ნატოშია ამ მხრივ, რჩება ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ ამ სამიტზე“, – განმარტა დენის შმიგალმა.
