იაპონიის საელჩოში სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელთა საერთო ღირებულება 336 554 აშშ დოლარია. აქედან ორი პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოხდება რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღჭურვა. მეორე პროექტი სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მობილური ვეტკლინიკის სერვისის შექმნას გულისხმობს. პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში.
ხელმოწერის ცერემონიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, იაპონიის ელჩი საქართველოში – იმამურა აკირა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
“ჩვენს რეგიონსა და იაპონიის საელჩოს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს მიღებული არაერთი მიმართულებით. მიხარია, რომ იაპონიის მთავრობის დაფინანსებულ 3 პროექტს შორის 2 პროექტი ჩვენი რეგიონიდანაა.
მნიშვნელოვანია, რომ საელჩოდან მიღებული გრანტით, მოხდება რუხის სამედიცინო ცენტრის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით აღჭურვა, რაც მოხმარდება საავადმყოფოში კარდიოლოგიური და ნევროლოგიური სერვისების განვითარებას. ეს საავადმყოფო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის წარმოადგენს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაფინანსებისთვის და ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია მეორე პროექტი, რომელიც ეხება სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მობილური ვეტკლინიკის სერვისის შექმნას, რაც რეგიონში მეცხოველეობის განვითარებას და ვეტერინარული სერვისების ადგილზე მიღებას ხელს შეუწყობს.
იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ადრეც ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნა მხარდაჭერილი. გამოვყოფდი ზუგდიდში თანამედროვე კვლევითი ცენტრის დაფინანსებას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ლაბორატორიული კვლევების განხორციელების. ასევე აღნიშვნის ღირსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კომპლექსური სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა მესტიაში, ასევე საელჩოს დაფინანსებით მესტიის მუნიციპალიტეტს გადაეცემა პირველი საზოგადოებრივი ავტობუსი. ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზები სწორედ იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით რეაბილიტირდა – მადლობა იაპონელ ხალხს ამ დახმარებებისთვის” – განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.