“უკრაინა დიდი შეტევისთვის ემზადება, როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინელი მეომრები სამხედრო წვრთნებს გადიან, რათა ტერიტორიის გასათავისუფლებლად აქტიურ ქმედებებს დაუბრუნდნენ. სამხედრო ანალიტიკოსთა პროგნოზით, ოპერაცია არა ლოკალური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რომელსაც მინიმუმ ერთი რაიონის გათავისუფლება მაინც უნდა მოჰყვეს. მათივე განმარტებით, ეს შეტევა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურ საომარ მოქმედებებს ამინდიც ხელს არ უწყობს და თან სამხედრო მზადებაც დასრულებული არაა, გამორიცხულია, რომ ასეთი სტრატეგიული მასშტაბური ჩართულობა მაისამდე ვიხილოთ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მოისმინეს ინფორმაცია დაზვერვის მთავარი სამმართველოსგან, თავდაცვის სამინისტროსგან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებების მეთაურებისგან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის ემზადება უკრაინა – “ოპერაცია სტრატეგიული იქნება”.
“განვიხილეთ ლოგისტიკის საკითხები, დეფიციტის აღმოფხვრა. ვამზადებთ ჩვენს მეომრებს იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიის გასათავისუფლებლად აქტიურ ქმედებებს დაუბრუნდნენ”, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ტერიტორიის დაბრუნება უკრაინისთვის აბსოლუტურად სამართლიანი მიზანია და მის განხორციელებას ყოველდღიურად უახლოვდებიან. “უკრაინა თავისუფალი იქნება, მთელი უკრაინა”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი დაკავებულია ომში მეტი სამხედროების გაწვევით და მიმართავს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რათა მეტი იარაღი მიიღოს. “ახლა სწრაფად უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, სანამ რუსეთი ინიციატივის ხელში აღებას შეძლებს. ამიტომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება. მივესალმები მნიშვნელოვან დახმარებას, რომელსაც ჩრდილოეთის ქვეყნები უკრაინას აწვდიან. ეს ნამდვილად იძლევა ბრძოლის ველზე ვითარების ყოველდღიურად შეცვლის საშუალებას…” – თქვა სტოლტენბერგმა. როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ უკრაინელების შეტევა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე შედეგის მომტანი იყოს, რომელიც არა ლოკალური, არამედ სტრატეგიული იქნება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“უკრაინას ძალიან დიდი ტერიტორია აქვს, სადაც სამხედრო ოპერაციის დაწყება შეუძლია და შესაბამისად, ამ დიდ სივრცეში მათი მოქმედება ასეთი შესამჩნევი ვერ იქნება. რუსეთის დაზვერვამ რომც რამე იცოდეს, უკრაინა რომელ მიმართულებას ამოირჩევს, ეს ადვილად დასაზუსტებელი არაა. დასავლური იარაღის, სატანკო ტექნიკის ათვისებასთან ერთად, უკრაინელები დიდი ხანია ემზადებიან. ტექნიკის დიდი ნაწილი, რომელიც აშშ-მ და დასავლეთმა 2022 წელს გადასცეს, ფრონტის ხაზზე მასშტაბურად და მასიურად პრაქტიკულად არ გამოუყენებიათ. ივნის-ივლისსში, როცა სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ბრძოლა იყო, ქვეითთა რამდენიმე საბრძოლო და სატრანსპორტო მანქანა გამოჩნდა, მაგრამ ამის შემდეგ ეს ტექნიკაც კი თითქმის სრულიად გაქრა, ტანკებზე საუბარი არ მაქვს. აქედან გამომდინარე დიდია ალბათობა იმისა, რომ უკრაინელების შეტევა საკმაოდ მასშტაბური და საკმაოდ მძიმე შედეგის მომტანი იყოს, როგორიც იყო ოპერაცია, რომელმაც ხარკოვის რაიონი თავიდან ბოლომდე გაათავისუფლა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოპერაცია არა ლოკალური, არამედ სტრატეგიული იქნება, რომელსაც მინიმუმ ერთი რაიონის გათავისუფლება მაინც უნდა მოჰყვეს. სავარაუდოა, რომ ეს რაიონი არა ლუგანსკი და დონეცკი, არამედ უფრო რეალისტურია, რომ ეს ზაპოროჟიე ან მთელი ხერსონის რაიონი იყოს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“ზემოთ აღნიშნული სცენარი უფრო რეალისტურად ჟღერს, რადგან დონეცკში და ლუგანსკში უფრო დიდი მასშტაბის ბრძოლები იქნება, იქ დასახლებული პუნქტები ძალიან ბევრია და შესაბამისად, იქ ბრძოლა ძალიან რთულია. შესაძლოა მიზანი ორივე მხარეს იყოს, მაგრამ ეს მიმართულება ბევრად დიდ მსხვერპლთან და დიდ სირთულებთანაა დაკავშირებული. ლუგანსკის რაიონში სტარობილსკი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია, რომელიც მომარაგების ერთგვარი კვანძია, საზღვართან საკმაოდ ახლოსაა, შეიძლება გაჭრან და მისი გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს, რითიც რუსეთის მომარაგების ერთ-ერთი მთავარი არტერია გადაიჭრება… უკრაინა შეტევას როდის დაიწყებს რთული სათქმელია, ეს შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს. ამ ეტაპზე შეიძლება რაღაც ლოკალური შეტევები ვიხილოთ, მათ შორის ბახმუტშიც, ან ზაპოროჟიეში სიტუაცია მოსინჯონ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი სტრატეგიული მასშტაბური ჩართვა უბრალოდ გამორიცხულია, რომ მაისამდე ვიხილოთ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არა მხოლოდ გარემოს გამოშრობა, არამედ კიდევ დამატებით ნაწილების ათვისება, ცოცხალი ძალის გაწვრთნა და ტექნიკის მობილიზებაა საჭირო, რომელიც ასეთი მარტივი არაა. რუსეთის მხრიდან თავდაცვის ზღუდეების აგება შეინიშნება, ეს არახალია და მისი ეფექტურობა მინიმალურია, თუმცა რუსები ახლა მხოლოდ თავდაცვის კი არა, თავდაცვის და აგრესიული შეტევის ოპერაციაში არიან. მათ ლუგანსის, დონეცკისა და განსაკუთრებით ზაპოროჟიეს რაიონში თავდაცვის ზღუდეები კი გააკეთეს, მაგრამ ეს ფორტიფიკაციები მინიმალურია თუკი სამხედრო ძალა უშუალოდ თავდაცვისთვის არ ემზადება. ამ ეტაპზე რუსების თვადაცვისათვის მზადებას ვერ ვხედავთ, პირიქით, მათი მხრიდან არტილერიის ძირითადი გამოყენება თავდასხმაზეა ორიენტირებული და არა თავდაცვაზე, რაც რეალობაში სურათს თვისობრივად ცვლის. თავდაცვაზე თუ არ ხარ ორიენტირებული ნიშნავს, რომ სამხედრო რესურსს ხარჯავ, რასაც ახლა რუსები აკეთებენ”, – დაასკვნის გიორგი კობერიძე.