შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მეხანძრე-მაშველთა მომზადების სასწავლო პროგრამა გრძელდება.
სასწავლო კურსის მონაწილეებმა, პროგრამის მიხედვით, შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში საძიებო და სამაშველო სამუშაოების ჩატარების მეთოდები შეისწავლეს, ასევე, დაზარალებულის მოძიებისა და მისი ადგილსამყოფლის დადგენის, დანგრეული შენობების კონსტრუქციაში გამაგრება-შეღწევის და დაზარალებულის გამოყვანის, დახრილ ფერდობზე სასიმაღლო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაციის მეთოდები დაამუშავეს.
ახლად შექმნილი სასწავლო ცენტრი პირველად ატარებს განახლებული საბაზისო პროგრამით სწავლებას, რომელიც სახანძრო-სამაშველო და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში, როგორც მეხანძრე-მაშველების, ასევე, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლების პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას უზრუნველყოფს. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
სასწავლო ცენტრი 2022 წელს, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. ცენტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დაქვემდებარებაშია.