არსებობს ორი საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც ოპოზიციის გარეშე რთულია –
ერთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და მეორეა ე.წ. დეპოლარიზაცია, რომელიც სინამდვილეში არ არის პრობლემა, პრობლემა არის რადიკალიზაცია, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 12 რეკომენდაციის შესრულება თითქმის დასრულებულია.
„საქართველოს პარლამენტი 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული. ჩვენ მომავალ კვირას მივიღებთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიას და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას. ამით მე-8 და მე-9 საკითხები დიდწილად უკვე შესრულდება. დარჩება ორი ძირითადი საკითხი – სასამართლო რეფორმისა და დეოლიგარქიზაციის, სადაც ჩვენ ახლა უკვე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ასევე მომავალ კვირას გვექნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, ამ საკითხებს ბოლომდე მივიყვანთ.
არსებობს ორი საკითხი, რომელთა გადაწყვეტაც ოპოზიციის გარეშე რთულია.
ერთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. იმედია, ის გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ ომბუდსმენის არჩევის პროცესში, აქაც პარტიებს განაწყობს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ. მეორეა ე.წ. დეპოლარიზაცია, რომელიც სინამდვილეში არ არის პრობლემა, პრობლემა არის რადიკალიზაცია, რომელსაც ჩვენ ეს დღეები ვაკვირდებოდით. სიმართლე გითხრათ, აქ უკვე ამოწურული მაქვს ყოველგვარი იმედი, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რადიკალიზაციით არის დაკავებული, რამენაირად გაიაზრებს ამ პასუხისმგებლობას და რაიმეს გააკეთებს, რათა ეს რეკომენდაცია შესრულდეს“, – თქვა პაპუაშვილმა.