ზღვისპირა რეგიონში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილით მგზავრობდა, რა დროსაც სტიქიისგან მოგლეჯილი ხე დაეცა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ქობულეთში ფიჭვნარის ტერიტორიაზე არასრულწლოვანიც დაშავდა. მოზარდს ხის ტოტი დაეცა და ხელის მოტეხილობით, კლინიკაშია გადაყვანილი. ქარმა წააქცია ხეები დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სახურავები და ინფრასტრუქტურა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები ჩაქვშიც შექმნა. დაინგრა საცხოვრებელი სახლი და 68 წლის ქალი დაშავდა, რომელიც ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულის მეუღლემ ნგრევამდე სახლიდან გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ნანგრევებში რამდენიმე წუთი იმყოფებოდა. დაზარალებულებს თავშესაფრით, მერია უზრუნველყოფს.
ბათუმში სტიქიამ ათამდე სახლს სახურავი ახადა და წააქცია მრავალწლოვანი ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ავტომობილები. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად , მერიის ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. პარალელურად ითვლიან ზარალს
გარდა აჭარისა, სტიქიამ პრობლემები გურიაშიც გამოიწვია. ქარმა ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე, კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა და აივნები დააზიანა. დაზიანებულია ავტომობილები, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროსა და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, დღესაც მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზღვაზე- შტორმი, მაღალმთიან რეგიონებში კი ქარბუქი. სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურის მკვეთრად ვარდნას პროგნოზირებენ.