უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხი ქვეყნის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა, რათა პატივი მიაგოს რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას რუსეთის ძალებისგან გათავისუფლების წლისთავზე ზელენსკისთან ერთად ბუჩაში ჩავიდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
ხუთი ქვეყნის ლიდერები წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მივიდნენ, რომლის ეზოშიც გასულ წელს, მოკლული ადგილობრივი მცხოვრებლების მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში ჩასული სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის პრემიერ-მინისტრები და მოლდოვის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებენ ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში.